Porsche-მ 2020 წლის Taycan-ი წარმოადგინა – ევროპის პასუხი Tesla Model S-ს

2488 0

ევროპის პირველი პასუხი Tesla Model S-სთვის როგორც იქნა გამოჩნდა – ეს ახალი Porsche Taycan-ია, სრულიად ელექტრო, ოთხკარიანი სპორტული მანქანა 750 ცხენის ძალით.

Taycan-ის დიზაინში მთავარი როლი აეროდინამიკამ ითამაშა; მანქანის შუბლური წინაღობის კოეფიციენტი მხოლოდ 0,22-ია. ასეთ დაბალ მაჩვენებელს Porsche-მ ექსტერიერის ზოგადად პრიალა დიზაინის წყალობით მიაღწია; გარდა ამისა, გამოყენებულია სრულიად ბრტყელი ძარის ძირი, რომელიც უკანა საკიდრის კომპონენტებსაც კი ფარავს. აეროდინამიკას ასევე ეხმარება ბორბლების დიზაინი და გამაგრილებელი სადინარები, რომლებიც ავტომატურად იხურება, მაშინ, როცა ისინი საჭირო არ არის.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია Taycan-ის ინტერიერიც, რომელიც ერთი შეხედვითვე გაცილებით მაღალი კლასის ჩანს, ვიდრე მისი მთავარი მეტოქის – Tesla Model S-ის სალონი.

თვალში მოგხვდებათ ფართო, გამრუდებული 40-სანტიმეტრიანი საზომ ხელსაწყოთა ბლოკი, რომლის მსგავსს დღეს ბაზარზე ვერ ნახავთ. ხელსაწყოთა პანელის შუაში განთავსებულია შედარებით ჩვეულებრივი სენსორული ეკრანი, სადაც შეგიძლიათ დააყენოთ მართვის რეჟიმები და შეცვალოთ რადიოსადგურები. უფრო ქვემოთ კი განთავსებულია მესამე დისპლეი, რომელიც გამოიყენება კლიმატკონტროლისთვის; და ბოლოს, მეოთხე დისპლეი წინა მგზავრის წინ არის განთავსებული.

სრულიად ელექტრო Porsche Taycan-ი წარმოდგენილი იქნება ორ ვერსიად, Turbo და Turbo S. შედარებით ნაკლები სიმძლავრის მქონე ვარიანტებს კი წლის ბოლოსთვის ვიხილავთ. ორივე მათგანი აღჭურვილია ორი ელექტროძრავით – თითო მათგანი თითოეულ ხიდთან; სათითაოდ გამოიმუშავებენ 616 ცხენის ძალას. თუმცა, მაღალი სიჩქარით რბოლისას Turbo მოდელის 671 ცხენის ძალამდე ადის, Turbo S კი 750.

96 კმ/სთ სიჩქარეს Turbo მოდელი 3.0 წამში ავითარებს, Turbo S კი 2,6 წამში. თუკი გაინტერესებთ, გეტყვით იმასაც, რომ 200 კმ/სთ სიჩქარეს Turbo 10,6 წამში კრეფს, Turbo S კი 9,8 წამში. ორივე მათგანის მაქსიმალური სიჩქარეა 260 კმ/სთ.

რაც შეეხება გარბენის მანძილს, Taycan-ის 93,4 კილოვატსაათიანი ლითიუმ-იონური ბატარეები 800-ვოლტიანი არქიტექტურით, თეორიულად, 270 kW-იანი სატენით ისინი 80%-მდე შეიძლება დაიტენოს 22,5 წუთში; 96 კილომეტრის გასავლელად საჭირო მუხტს ბატარეა 5 წუთში იღებს.
150 kW DC სწრაფი დამტენით ბატარეები 80%-მდე 36 წუთში იტენება, ჩვეულებრივ 240-ვოლტიან შტეფსელში შეერთებისას კი 11 საათიანი ლოდინი მოგიწევთ.

საინტერესოა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი გზაზე? Porsche-ს განცხადებით, Taycan Turbo-ს 450 კილომეტრის გავლა შეუძლია, Turbo S-ს კი 412 კმ-ის.

რაც შეეხება ფასებს, Turbo S 187 610$ ეღირება, Turbo კი 153 310$.

ახალ Taycan-ს საზოგადოება შემდეგ კვირაში, ფრანკფურტის ავტოშოუზე იხილავს.