მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები Audi-მ მანქანებით დაასაჩუქრა

399 0

Audi მადრიდის „რეალს“ 2003 წლიდან ასპონსორებს. 2019-2020 წლის სეზონისთვის კომპანიამ, კლუბის ფეხბურთელებისა და მწვრთნელის, ზინედინ ზიდანისთვის მანქანების სპეციალური ხაზი მოამზადა.

47 წლის ზიდანი, რომელიც „რეალ მადრიდში“ 2001-2006 წლებში თამაშობდა და მის ანგარიშზე 37 გოლია, შავი Audi RS3 Sportback-ის მფლობელი გახდება. ეს მოდელი აირჩიეს ქარიმ ბენზემამ და ტიბო კურტუამაც.

სერხიო რამოსს კვლავ A8 ფლაგმანი სედანი გადაეცემა, ვინისიუს ჟუნიორს, ალვარო ოდრისოლას, მარკო ასენსიოს და მარსელო ვიეირას კი A7 Sportback-ი. რაფაელ ვარანი კლუბში ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ელექტრო SUV-ი E-Tron-ი აირჩია. ახალთახალ SUV კუპე Q8-ზე შეჩერდა შვიდი ფეხბურთელის არჩევანი; მათ შორის არიან დანი კარვახალი, ლუკას ვასკესი, ტონი კროოსი, ხამეს როდრიგესი, ედენ აზარი, ფედერიკო ვალვერდე და ნაჩო ფერნანდესი.

ფეხბურთელების ფავორიტი მოდელი აღმოჩნდა ახალი თაობის Q7, რომელზეც არჩევანი ამ სეზონზე მადრიდის „რეალის“ 11-მა ფეხბურთელმა შეაჩერა; მათ შორის არიამ ბრაიმ დიასი, ლუკა იოვიჩი, ალფონს არეოლა, მარიანო დიასი, ლუკა მოდრიჩი, ედერ მილიტანი, როდრიგო გოისი, კარლოს კაზემირო, ფერლან მენდი, გარეთ ბეილი და ისკო ალარკონი.

„ტექნიკა, სპორტულობა, ელეგანტურობა, სიზუსტე… ეს ის ღირებულებებია, რომლებითაც Audi და მადრიდის „რეალი“ წარმატებულ თანამშრომლობას ინარჩუნებს 2003 წლიდან დღემდე; ყველა ეს ღირებულება საერთოა როგორც საავტომობილო, ისე სპორტულ სამყაროში. პირველი სასპონსორო ხელშეკრულების ხელმოწერიდან დღემდე, კლუბის ფეხბურთელები ჩვენი ბრენდის მანქანებით სარგებლობენ. მათ ამჯერადაც მიიღეს ახალი ავტომობილების გასაღებები“, — აღნიშნულია Audi-ს განცხადებაში.