რემდესივირი ეფექტიანი აღმოჩნდა კორონავირუსის საკვანძო ფერმენტის წინააღმდეგ — უახლესი ლაბორატორიული ცდა კანადაში

66 0

კანადაში, ალბერტას უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პრეპარატი რემდესივირი ძლიერ ეფექტიანად აჩერებს COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის რეპლიკაციის მექანიზმს. ამის შესახებ Journal of Biological Chemistry-ში გამოქვეყნებული კვლევა იუწყება.

თებერვლის ბოლოს, ამავე ჯგუფმა ჩაატარა კიდევ ერთი კვლევა, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ამ პრეპარატმა ეფექტიანად იმუშავა ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) ვირუსის, ანუ ახალი კორონავირუსის მონათესავე ვირუსის წინააღმდეგ.

„ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი, რომ იგივე შედეგებს ვნახავდით კორონავირუს SARS-CoV-2-ის წინააღმდეგაც“, — ამბობს ალბერტას უნივერსიტეტის სამედიცინო მიკრობიოლოგიის განყოფილების თავმჯდომარე მათიას გოტე.

„მართლაც, თითქმის იგივე შედეგები მივიღეთ, რაც თებერვლის ბოლოს MERS-ის შემთხვევაში, შესაბამისად, ვხედავთ, რომ რემდესივირი კორონავირუსის პოლიმერაზების ძალიან ძლიერი ინჰიბიტორია“, — ამბობს გოტე.

გოტეს ახალ კვლევაში დეტალურად არის ნაჩვენები, როგორ მოქმედებს რემდესივირი, რომელიც 2014 წელს ებოლას საწინააღმდეგოდ შექმნეს. მკვლევარი მსგავსებას ეძებს ვირუსის ძრავის პოლიმერაზაში, რომელიც პასუხისმგებელია ვირუსის გენომის სინთეზზე.

„თუ მიზანში ამოიღებთ პოლიმერაზას, ვირუსს გავრცელება აღარ შეუძლია და შესაბამისად, ის მკურნალობის ძალიან ლოგიკური სამიზნეა“, — აღნიშნავს გოტე.

როგორც ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რემდესივირი ვირუსს მის სამშენებლო ბლოკებთან მიმსგავსების გზით „ატყუებს“.

გოტეს განმარტებით, ამ კორონავირუსთა პოლიმერაზები უწესრიგოა და ტყუვდებიან, შესაბამისად, ინჰიბიტორი მათთან მრავალჯერ ინტეგრირდება და ვირუსის გამრავლება (რეპლიკაცია) უკვე შეუძლებელი ხდება.

მისივე თქმით, მისი ჯგუფის მიერ ნაპოვნი მტკიცებულება, ისევე როგორც ცხოველებისა და უჯრედული კულტურის მოდელებზე ჩატარებული სხვა ადრინდელი კვლევები ნიშნავს იმას, რომ რემდესივირი შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც „პირდაპირმოქმედი ანტივირუსული საშუალება“ SARS-CoV-2-ის წინაღმდეგ; ეს ტერმინი პირველად გამოიყენეს იმ ანტივირუსული საშუალებებისათვის, რომლებიც ხელს უშლის C ჰეპატიტის ვირუსის სიცოცხლის ციკლის სპეციფიკურ ნაბიჯებს.

გოტე ამბობს, რომ ამ პირდაპირი მოქმედების აღმოჩენა აძლიერებს იმ კლინიკურ ცდათა იმედებს, რომლებიც ამჟამად რემდესივირზე მიმდინარეობს COVID-19-ის პაციენტებში.

მართალია, გოტე ამბობს, რომ მტკიცებულება ამართლებს კლინიკურ ცდებს, მაგრამ იქვე გვაფრთხილებს, რომ ლაბორატორიაში მიღებული შედეგები ვერ გამოდგება იმის პროგნოზისთვის, რამდენად იმუშავებს პრეპარატი ადამიანებზე.

„მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და დაველოდოთ რანდომიზებული კლინიკური ცდების შედეგებს“, — ამბობს გოტე, რომლის კვლევაც დააფინანსა კანადის ჯანდაცვის კვლევების ინსტიტუტმა, ა;ბერტას პროვინციის მთავარი ინოვაციების ფონდმა და რემდესივირის მწარმოებელმა Gilead Sciences-მა.

გოტეს ლაბორატორია წარსულში მუშაობდა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე (HIV) და C ჰეპატიტის ვირუსზე (HCV), თუმცა, რამდენიმე წლის წინ გადაერთო იმ ვირუსთა კვლევებზე, რომლებსაც ეპიდემიების გამოწვევის უდიდესი პოტენციალი აქვთ. 2015 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ტოპ-პათოგენების სია, რომლებსაც მწვავე ეპიდემიების გამოწვევა შეიძლიათ; მათ შორის არის ებოლა, ლასა და კორონავირუსები.

„ამ თვალსაზრისით ჩვენ მზად ვიყავით, რადგან ჩემი ლაბორატორია სპეციალიზებულია ვირუსულ პოლიმერაზებზე“, — ამბობს გოტე და იქვე დასძენს, რომ მისი შემდეგი ნაბიჯი იქნება სხვა იმედისმომცემ ანტივურუსულ საშუალებათა ლაბორატორიული შემოწმება.

გოტე საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი და სჯერა, რომ ამჟამად მსოფლიოში მიმდინარე უპრეცედენტო კვლევები და მაღალი დონის თანამშრომლობა მკვლევართა შორის, აუცილებლად გამოიღებს შედეგს და მივაგნებთ COVID-19-ის სამკურნალო ერთზე მეტ საშუალებას.

რემდესივირი ერთ-ერთია იმ რამდენიმე პრეპარატს შორის, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად ტესტავს. ამ ტესტირების ფარგლებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, COVID-19-ის პაციენტებზე მიმდინარეობს პოტენციურ პრეპარატთა შემოწმება-შედარება. გოტეს თქმით, მნიშვნელოვანი კლინიკური ცდების შედეგებს აპრილის ბოლოს ან მაისში უნდა ველოდოთ.

გოტე გულდაწყვეტით აღნიშნავს იმასაც, რომ მწვავე რესპირატორული სინდრომის ეპიდემიის დროს (2003 წ) აღმოჩენილი ანტივირუსული საშუალებები, რომლებიც შეიძლება, COVID-19-ის წინააღმდეგაც იყოს ეფექტიანი, არასოდეს გამოსულა ფართოდ ხელმისაწვდომი პრეპარატების სახით; ამის მიზეზი კი დიდწილად ის არის, რომ ახალი პრეპარატების შექმნას უზარმაზარი ოდენობის ფინანსები სჭირდება.

„ამჯერად უკვე აშკარაა, რომ გვიწევს ფინიშის ხაზის გადაკვეთა. ათი მილიარდი დოლარი შეიძლება ძალიან დიდი თანხა ჩანს, მაგრამ უბრალოდ არაფერია ამ პანდემიისა და მის მიერ გამოწვეულ ზარალთან შედარებით“, — ამბობს ამბობს კანადის ალბერტას პროვინციის უნივერსიტეტის სამედიცინო მიკრობიოლოგიის განყოფილების თავმჯდომარე მათიას გოტე.

მომზადებულია ualberta.ca-ს მიხედვით.