კორონავირუსის წინააღმდეგ შესამოწმებლად, მეცნიერებმა 69 არსებული პრეპარატი შეარჩიეს

256 0

მკვლევართა ჯგუფის ცნობით, დაახლოებით 70 პრეპარატი და ექსპერიმენტული საშუალება შეიძლება ეფექტიანი აღმოჩნდეს ახალი კორონავირუსის მკურნალობაში.

ზოგიერთი მათგანი უკვე გამოიყენება სხვა დაავადებათა სამკურნალოდ; მეცნიერთა განცხადებით, მათი დანიშნულების შეცვლა და კორონავირუს SARS-CoV-2-ით გამოწვეული დაავადება COVID-19-ის სამკურნალოდ გამოყენება შეიძლება გაცილებით სწრაფი გზა აღმოჩნდეს, ვიდრე ახალი ანტივირუსული საშუალების თავიდან გამოგონება.

პრეპარატების სია გამოჩნდა კვლევაში, რომელიც რეცენზირებამდელ სერვერ bioRxiv-ზე გამოქვეყნდა.

სიის შესადგენად, ასობით მეცნიერმა ვირუს SARS-CoV-2-ის გენების უჩვეულო კვლევა ჩაატარა.

ფილტვის უჯრედის დაინფიცირებისათვის, კორონავირუსს სჭირდება მასში შეუშვას საკუთარი გენები, რის შემდეგაც შთანთქავს უჯრედის საკუთარ გენეტიკურ მექანიზმს. ამის შემდეგ, უჯრედი იწყებს ვირუსული ცილების წარმოებას, რომელიც მილიონობით ახალი ვირუსის საწარმოებლად გამოიყენება.

იმისათვის, რათა ამ პროცესმა იმუშაოს, საჭიროა, რომ თითოეულ ვირუსულ ცილას შეეძლოს ადამიანის შესაბამისი ცილების შებოჭვა.

ახალ კვლევაში, მეცნიერებმა შეისწავლეს კორონავირუსის 29 გენიდან ის 26, რომლებიც პირდაპირ ვირუსულ ცილებს აწარმოებენ. შედეგად, მათ აღმოაჩინეს ადამიანის 332 ცილა, რომლებსაც კორონავირუსი იღებს მიზანში.

აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ვირუსული ცილა მიზანში იღებს ადამიანის მხოლოდ ერთ ცილას; სხვა ვირუსულ ცილებს კი ადამიანის ათობით უჯრედული ცილის მიზანში ამოღება შეუძლია.

მეცნიერები ეძებდნენ პრეპარატებს, რომლებიც ასევე შებოჭავს ადამიანის იმ ცილებს, რომლებიც კორონავირუსს უჯრედში შესაღწევად და გასამრავლებლად სჭირდება. თანდათან, ჯგუფმა გამოავლინა აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული 24 პრეპარატი, რომლებიც განკუთვნილია ისეთი სრულიად სხვაგვარი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა კიბო, პარკინსონის დაავადება და ჰიპერტენზია.

სიაში ასევე არის ისეთი მოულოდნელი კანდიდატები, როგორებიც არის შიზოფრენიისა და მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალებები.

მკვლევრებმა კანდიდატები ასევე იპოვეს საშუალებებში, რომლებიც ამჟამად კლინიკურ ცდებს გადიან ან კვლევის ადრეულ ფაზაში არიან. კიდევ უფრო გასაოცარი კი ის არის, რომ ზოგიერთი ეს პრეპარატი პარაზიტებზე თავდასხმისთვის არის განკუთვნილი.
სიაში შედის ანტიბიოტიკებიც, რომლებიც ბაქტერიების მოსაკლავად იყენებენ ცილების წარმოებისათვის აუცილებელი უჯრედული მექანიზმის გადნობის გზით. თუმცა, ზოგიერთი ეს პრეპარატი ადამიანის ცილებსაც ეკვრის. ახალი კვლევა წარმოშობს შესაძლებლობას, რომ ეს გვერდითი ეფექტი შეიძლება ანტივირუსული მკურნალობის საშუალება აღმოჩნდეს.

სიაში შეტანილი კიდევ ერთი პრეპარატი, სახელად ქლოროკინი, კლავს მალარიის გამომწვევ ერთუჯრედიან პარაზიტებს. მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ ის ეკვრის ადამიანიც უჯრედულ ცილასაც, რომელსაც სიგმა-1 რეცეპტორი ეწოდება. ეს რეცეპტორი ასევე არის ვირუსის სამიზნე.

ქლოროკინი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც გაჩნდა სპეკულაციები კორონავირუსის წინააღმდეგ მისი გამოყენების შესახებ. სწორედ ამ მოსაზრებებზე ისაუბრა პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ გამაფრთხილებელი შენიშვნები გააკეთა და აღნიშნა, რომ ქლოროკინის მოქმედების მხოლოდ „ანეკდოტური მტკიცებულება“ არსებობს.

მისი თქმით, იმის გასარკვევად, არის თუ არა ქლოროკინი უსაფრთხო და ეფექტიანი ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, საჭიროა დეტალური კვლევები.

რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა მეგატესტირების დაწყების შესახებ, რომლის ფარგლებშიც, სხვა სამ პრეპარატთან ერთად ქლოროკინსაც შეისწავლიან.

ამას მოჰყვა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორ ენდრიუ კუომოს განცხადება, რომლის მიხედვითაც, შტატმა დიდი ოდენობით ქლოროკინი ანტიბიოტიკი აზიტრომიცინი შეიძინა კიდევ ერთი ცალკე ტესტირების დასაწყებად.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოლოგი ნევან კროგენი, რომელიც ამ კვლევას უხელმძღვანელებს, შიშობს, რომ ქლოროკინს შეიძლება ბევრი უარყოფითი გვერდითი ეფექტი ჰქონდეს, რადგან ეს პრეპარატი მიზანში იღებს ადამიანის ბევრ უჯრედულ ცილას.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.