ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ საკუთარი თანამგზავრი SpaceX-ის თანამგზავრთან შეჯახებას აარიდა

237 0

რამდენიმე დღის წინ, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) Twitter-ზე დაწერა, რომ შეასრულა „შეჯახების არიდების“ მანევრი, რითაც თავიდან აიცილა კომპანია SpaceX-ის პროექტ Starlink-ის ერთ-ერთ თანამგზავრთან შეჯახება.

ESA-ს კოსმოსური ნარჩენების ოფისის ხელმძღვანელის, ჰოლგერ კრაგის განცხადებით, SpaceX-მა პოტენციური შეჯახების შესახებ იცოდა, მაგრამ რაიმე ნაბიჯის გადადგმა არ ისურვა.

გამოცემა Forbes-ის მიხედვით, პენტაგონმა შენიშნა, რომ SpaceX-ის Starlink-ის ერთ-ერთ თანამგზავრს 1000-დან 1 შანსი ჰქონდა, რათა ESA-ს დედამიწაზე დაკვირვების თანამგზავრ ADM-Aeolus-ს შეჯახებოდა.


შესაძლო შეჯახების შესახებ პენტაგონმა ორივე სააგენტო გააფრთხილა. მიუხედავად იმისა, რომ ESA-ს თანამგზავრი ამ რეგიონში Starlink-ის თანამგზავრამდე 9 თვით ადრე უკვე მოძრაობდა, SpaceX-მა ESA-ს ელექტრონულ ფოსტაზე მისწერა, რომ შესაძლო შეჯახების თავიდან ასაცილებლად არაფრის გაკეთებას არ აპირებდა; ილონ მასკის კომპანიას მიზეზი არ დაუკონკრეტებია.

ამის გამო, შეჯახების აცილების მანევრის ჩატარება ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ გადაწყვიტა, რასაც ის მუდმივად აკეთებს მკვდარ თანამგზავრებთან ან კოსმოსურ ნაგავთან შეჯახების აცილებისთვის; თუმცა, ESA-ს ამ დრომდე არასოდეს ჰქონდა ჩატარებული მოქმედ თანამგზავრთან შეჯახების აცილების მანევრი. მსგავსი მანევრების აუცილებლობა მომავალში სავარაუდოდ უფრო გახშირდება.


SpaceX-ის პროექტ Starlink-ის თანამგზავრთა არმია ამჟამად 60 ხომალდს აერთიანებს, მაგრამ უახლოეს წლებში იგეგმება მათი 12 000-მდე გაზრდა. პროექტის მიზანია ინტერნეტის მიწოდება მთელი პლანეტისათვის. თუმცა, ამავე დროს, დრამატულად გაიზრდება თანამგზავრთა შეჯახებების რისკებიც.

იმის შიშით, რომ პროექტ Starlink-ის განხორციელების შემდეგ თანამგზავრთა შეჯახების რისკები გაიზრდება, ESA ამჟამად აქტიურად იკვლევს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობას, რომელიც შეჯახების თავიდან აცილების მანევრებს ავტომატურად შეასრულებს.

გამოცემა Engadget-ის ცნობით, Starlink-ის თანამგზავრები ასეთი სისტემით უკვე აღჭურვილია და ალბათ, სწორედ ამით იყო განპირობებული SpaceX-ის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმა. სავარაუდოდ, კომპანიას სურდა ეხილა, იმოქმედებდა თუ არა შეჯახების თავიდან აცილების სისტემა გამართულად.

და მაინც, ცოტა უცნაურია, როგორ შეეძლო SpaceX-ს, რომ საკუთარი ხელოვნური ინტელექტის გასატესტად საფრთხეში ჩააგდო ევროპის კოსმოსური სააგენტოს 560$ მილიონად ღირებული თანამგზავრი.

კომენტარის დატოვება