Toyota-სთან ერთად შექმნილ Subaru-ს ელექტრო კროსოვერს შეიძლება Evoltis-ი ერქვას

69 0

ელექტრო კროსოვერს, რომელზეც Subaru მუშაობს Toyota-სთან ერთად, შეიძლება Evoltis-ი ეწოდოს.

კომპანია Subaru Japan-მა სავაჭრო ნიშან Evoltis-ზე აშშ-ში განაცხადი ორი წლის წინ შეიტანა. როგორც პორტალი CarBuzz-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ამ სახელს ის ახალ ელექტრო SUV-ს დაარქმევს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე არც Subaru და არც Toyota არ ადასტურებს, რომ ეს სახელი მათ ერთობლივ ელექტრო SUV-ს ერქმევა.

წლის დასაწყისში Top Gear Philippines-ი იუწყებოდა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ ქვეყნის ბაზრისთვის განკუთვნილ Ascent-ს ექნება ვერსია,რომელსაც ასევე Evoltis-ი ერქმევა. ეს ამბავი გამოცემას დაუდასტურა ფილიპინებში Subaru-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.

თუკი Subaru-ს ორ რადიკალურად განსხვავებულ მოდელს მართლაც Evoltis-ი ეწოდა, აშკარაა, რომ ფილიპინებში ელექტროვერსია არ გაიყიდება.

Subaru-მ მსოფლიოს ჯერ კიდევ იანვარში, იაპონიაში გამართულ ტექნოლოგიურ ბრიფინგზე აჩვენა თავის მომავალი ელექტრო SUV-ის ბუნდოვანი კადრები. მანქანის ექსტერიერის დიზაინში დომინირებს მკვეთრი ხაზები, კუთხური ზედაპირები და LED ფარები. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ეს მანქანა დღის სინათლეს კიდევ რამდენიმე წელი ვერ იხილავს, როგორც Subaru აღნიშნავს, 2025 წლამდე, სრულიად შესაძლებელია, რომ მანქანის საბოლოო დიზაინი კიდევ შეიცვალოს.