Toyota რესპირატორების წარმოებას და სახის დამცავების 3D პრინტერით დამზადებას იწყებს

237 0

აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 200 000-ს უახლოვდება და ამასობაში, Toyota დახმარებისთვის ემზადება.

ავტომწარმოებელმა წარმოადგინა ინიციატივები, რომელთა ფარგლებშიც მსურველებს საჭირო დანადგარებითა და აღჭურვილობით დაეხმარება.

პირველ რიგში, კომპანია მუშაობს დამცავი ფარების 3D პრინტერით დამზადებაზე. მასობრივი წარმოება უახლოეს დღეებში დაწყება და პირველი პარტია ინდიანის, კენტუკის, მიჩგანისა და ტეხასის შტატების საავადმყოფოებს გაეგზავნება.

გამომდინარე იქიდან, რომ დიდი მოთხოვნაა ნიღბებსა და ვენტილატორებზეც, Toyota ამ ორ ფრონტზეც მუშაობს. კომპანიის განცხადებით ის ნიღბების საწარმოებლად მზად არის, მაგრამ პარტნიორს ეძებენ ფილტრებისთვის. გარდა ამისა, Toyota-მ ხელშეკრულება გააფორმა ორ კომპანიასთან, რომლებიც მას ვენტილატორებისა და რესპირატორების წარმოების ზრდაში დაეხმარებიან.

ამავე დროს, კომპანია საკუთარი ინჟინერიისა და წარმოების ნოუ-ჰაუს სთავაზობს სხვა კომპანიებს, რომლებსაც სამედიცინო აღჭურვილობის წარმოების გაზრდა სურთ.

Toyota-მ საკუთარი სახსრებით შეძენილი ნიღბები, უსაფრთხოების მინები, ხელთათმანები და სხვა აღჭურვილობა უკვე გადასცა საავადმყოფოებსა და პირველადი საჭიროების მქონეებს. კომპანია ეხმარება საკვების ბანკებსაც, რომლებიც სწრაფად იცლება, რადგან აშშ-ში სამ მილიონზე მეტი ადამიანი უმუშევრად დარჩა.

აღსანიშნავია, რომ Toyota ამ საქმეში ერთადერთი არ არის. 3D პრინტერით სამედიცინო აღჭურვილობის წარმოებას Mercedes-იც აპირებს.

ქირურგიული ნიღბებისა და ვენტილატორების წარმოების დასაწყებად ემზადება General Motors-იც. ამავე დროს, სახის დამცავი ფარებისა და ვენტილატორების წარმოებას იწყებს მეორე უმსხვილესი ამერიკული ავტომწარმოებელი — Ford-იც. სახის ნიღბების წარმოების დასაწყებად ასევე მზად არის Fiat Chrysler Automobiles-ი.