Toyota 400 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს თვითმართვადი ავტომობილების სტარტაპში Pony.ai, რომელიც სილიკონის ველსა და ჩინეთის ქალაქ გუანჯოუშია ბაზირებული.
გამოცემა The Verge-ის ცნობით, Toyota და Pony.ai საპილოტე პროგრამას გაუშვებენ პეკინისა და შანხაის საზოგადოებრივ გზებზე თვითმართვადი ავტომობილების გასატესტად. ამ მიმართულებით ორი კომპანია ერთობლივად გასული წლის ბოლოდან მუშაობს.
Pony.ai 2018 წლიდან უკვე ტესტავს უპილოტო ტაქსებს პეკინსა და გუანჯოუში. გარდა ამისა, ის ასევე ტესტავს რობოტ ტაქსებს კალიფორნიის ქალაქ ფრემონტსა და ირვინში. Toyota-ს 400-მილიონიანი ინვესტიციის შემდეგ, სტარტაპის ღირებულებამ 3 მილიარდ დოლარს მიაღწია.
Toyota გეგმავს, 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქალაქის გარკვეულ ზონებში მომხმარებელს შესთავაზოს მანქანის გამოძახების სერვისი, რომელსაც თვითმართვადი ავტომობილები შეასრულებენ. ეს მანქანები გამოიყენებენ ავტომწარმოებლის პროგრამულ უზრუნველყოფა Chauffeur-ს, რომელიც მანქანას ადამიანი მძღოლის გარეშე მართავს. Toyota-ს მანქანები ასევე აღჭურვილი იქნება სისტემა Guardian-ით, რომელიც Tesla-ს ავტოპილოტის დამხმარე სისტემის მსგავსია.
მიუხედავად იმისა, რომ Toyota საკუთარი თვითმართვადი ტექნოლოგიების შესახებ სხვა კომპანიებისგან განსხვავებით ბევრს არაფერს გვიმხელს, ამ მიმართულებას ის საკმაოდ სერიოზულად უდგება და 2018 წელს 500 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია ჩადო ერთობლივ თვითმართვად პროექტში Uber-თან.
გასული წლის დეკემბერში, Toyota-ს კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ჯეიმს კუფნერმა განაცხადა, რომ კომპანია საკუთარ თვითმართვად ტექნოლოგიებს პირველად კომერციულ მანქანებში (ტვირთების გადასაზიდი მანქანა) გამოიყენებს, შემდეგ კი სამგზავრო ავტომობილებში.