Volkswagen-ი და Audi სოციალური დისტანცირების წასახალისებლად შეცვლილ ლოგოებს გვთავაზობენ

29 0

ახალი კორონავირუსის პანდემიის შუაგულში, სოციალური დისტანცირების საკითხი იმდენად აქტუალური გახდა, როგორც არასდროს. არსებითად, სოციალური დისტანცირება აღნიშნავს ინფექციის გავრცელების ან შენელების წინააღმდეგ გადადგმულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული განმარტების მიხედვით, სოციალური დისტანცირება არის „შეინარჩუნო სულ მცირე ერთი მეტრის მანძილი შენსა და ნებისმიერ სხვა ადამიანს შორის“.

ამჟამად, როდესაც ახალი კორონავირუსული დაავადება საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს, სოციალური დისტანცირება გადამწყვეტია. რა თქმა უნდა, ამ დაავადებისადმი იმუნური არც ავტომწარმოებლები არიან — მრავალმა მათგანმა ვირუსის გავრცელების ქვეყნებში დახურა ქარხნები და ოფისში მომსახურე პერსონალი სახლიდან მუშაობაზე გადაიყვანა.

ზოგიერთი ავტომწარმოებელი საზოგადოებას თავის მხრივ აფრთხილებს, რომ სოციალური დისტანცირება გადამწყვეტია. მაგალითად, Volkswagen-მა და Audi-მ სოციალური დისტანცირების რეკლამირებისთვის სოციალური მედია გამოიყენა. ამ კონცეპტის უკეთ ასახსნელად, დაამზადეს ვიდეოკლიპები, რომლებშიც ჩანს მათი შეცვლილი ლოგოები.

„Volkswagen-ში ჩვენ ტრადიციულად ერთად ვდგავართ ყველა კრიზისში და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. დარწმუნებული ვართ, რომ ერთად დგომით ვიპოვით ახალ გზებს, ახალ გამოსავალს, რომლითაც ამ კრიზისს დავძლევთ. სწორედ ახლა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მივყვეთ რეკომენდაციებს, ჰიგიენას, დისციპლინას. იყავი უსაფრთხო – დაიცავი სოციალური დისტანცია!“, — ვკითხულობთ ვიდეოს ტიტრებში, რომელშიც ასახულია, როგორ შორდება Volkswagen-ის ლოგოში „V“ და „W“ ერთმანეთს.

მსგავსი მესიჯი და ვიდეო გამოაქვეყნა Audi-მაც, რომელშიც ვხედავთ, როგორ შორდება ერთმანეთს ლოგოს შემადგენელი ოთხი რგოლი.

„დარჩი სახლში, დაიცავი დისტანცია, შეინარჩუნე ჯანმრთელობა, პატივი ეცით ერთმანეთს — ამ საქმეში ჩვენ ყველა ერთად ვართ. ჩვენი, როგორც გლობალური კომპანიისა და გლობალური საზოგადოების უმაღლესი პრიორიტეტია გამოვავლინოთ ნებისმიერი შესაძლებლობა მრუდის გასაბრტყელებლად (#FlattenTheCurve). იყავი უსაფრთხო“, – ვკითხულობთ Audi-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს ტიტრებში.