მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც მშრალ ჰაერს წყლად გარდაქმნის

238 0

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარმოადგინეს მოწყობილობა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ჰაერს წყლად გარდაქმნის. ახალ მოწყობილობას, კილოგრამიანი წყლის შემწოვი მასალის წყალობით, შეუძლია დღეში 5 ჭიქა წყალი შეაგროვოს დაბალი ტენიანობის ჰაერიდან. მოწყობილობები ფოროვანია და მეტალ-ორგანულ ჩარჩოებს უწოდებენ.

ინჟინერ იუჯინ კაპუსტინის განცხადებით, მოწყობილობა ძალიან მშრალ გარემოში ატმოსფეროდან აგროვებს წყალს, რომელსაც შემდეგ გამოყოფს და შესაძლებელია მისი შეგროვება.

პროცესის მთავარი კომპონენტია მეტალ-ორგანული ჩარჩო, რომელიც წარმოადგენს ორგანული მოლეკულებისა და ლითონების ფხვნილით სავსე სვეტს. მეცნიერები მას ღამის განმავლობაში გარეთ ტოვებენ, რა დროსაც, ჰაერში მოძრავი წყლის მოლეკულები ჩარჩოს ეკრობიან.

კაპუსტინი მას უბრალო საშრობ ღრუბელს ადარებს.

წყლის გამოსაყოფად, ჩარჩოს ათავსებენ სპეციალურ ავზში, სადაც მას ნათურებით ათბობენ. შედეგად, მოწყობილობის გვერდებზე გამოიყოფა წვეთები და საბოლოოდ, გროვდება სუფთა H2O.

მეცნიერთა მთავარი მიზანი მსოფლიოში, განსაკუთრებით კი კალიფორნიაში არსებული წყლის დეფიციტის შესწავლა იყო. ისინი საკმაოდ ახლოს არიან მომენტთან, როდესაც შექმნიან მიკროტალღური ღუმელის ზომის მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც, თქვენთვის საკმარის წყალს შეაგროვებთ უდაბნოშიც კი.

კალიფორნიის შტატში, მოჰავეს უდაბნოში, მზის პანელებზე მომუშავე საცდელმა მოწყობილობამ სამი დღე-ღამის განმავლობაში 3 ჭიქა სუფთა წყალი შეაგროვა.

მეცნიერთა განმარტებით, 40 პროცენტზე ნაკლები ტენიანობის მქონე ჰაერისგან წყლის კონდენსაციისთვის საჭიროა ამ ჰაერის გაციება ნულ გრადუს ტემპერატურამდე, რაც საკმაოდ მოუხერხებელია. თუმცა, მათ მიერ შექმნილ მოწყობილობას სულაც არ სჭირდება დაბალი ტენიანობის ჰაერის გაციება.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სტარტაპი Water Harvester Inc., რომელიც ასეთი მოწყობილობების წარმოებას მალე დაიწყებს. ელექტროღუმელის ზომის მოწყობილობა ჩვეულებრივი ჰაერიდან დღეში 7-10 ლიტრ წყალს შეგიგროვებთ.

ასევე გამოუშვებენ უფრო დიდ, მაცივრის ზომის მოწყობილობას, რომელიც დღეში 200-250 ლიტრ წყალს შეაგროვებს.