რა არის კატალიზური კონვერტერი, რა როლს ასრულებს და რატომ არის მძარცველების მიმზიდველი სამიზნე

კატალიზური კონვერტერი, რომელსაც ხშირად უბრალოდ კატალიზატორს ვუწოდებთ, ახალი ტექნოლოგია არ არის და ამჟამად გზებზე მოძრავ თითქმის ყველა მანქანაშია წარმოდგენილი. მის შესახებ მანქანის ბევრმა მფლობელმა საერთოდაც არ იცის, რადგან არასოდეს გვახსენებს თავს. მოწყობილობა ფონურ რეჟიმში მუშაობს — ქიმიური რეაქციების გამოყენებით, მანქანის გამონაბოლქვს მავნე აირებისგან ასუფთავებს. თუ არ გატყდა ან როგორც ბოლო დროს უფრო ხშირი გახდა — თუ არ მოიპარეს, მის შესახებ შეგიძლიათ საერთოდ არ იდარდოთ.

სტატიაში აგიხსნით ყველაფერს, რაც კატალიზური კონვერტერის შესახებ უნდა იცოდეთ: როგორ მუშაობს ძვირფასი ლითონების გამოყენებით და როგორ დაიცვათ თქვენი მანქანა კატალიზატორის ქურდებისგან.

რა პრინციპით მუშაობს კატალიზური კონვერტერი?

მანქანის გამონაბოლქვ აირებში არსებულ მავნე ნივთიერებებს, მაგალითად, ნახშირბადის მონოქსიდს (ნახშირჟანგი, CO), აზოტის დიოქსიდს და ნახშირწყალბადებს, ქიმიური რეაქციების გზით კატალიზური კონვერტერი უფრო ნაკლებად მავნე ნივთიერებებად გარდაქმნის, მაგალითად, ნახშირორჟანგად და წყლის ორთქლად.

კატალიზური კონვერტერი შიგნიდან ამოვსებულია ფოროვანი სტრუქტურით, რომელიც დაფარულია კატალიზატორის შემცველი საფარით. ამ კატალიზატორს წარმოადგენს ნივთიერება, რომელიც რეაქციაში შედის გამონაბოლქვ გაზებთან და ამ გზით მათ ქიმიურ სტრუქტურას ცვლის.

კატალიზატორის სახით ძირითადად იყენებენ ისეთ ძვირფას ლითონებს, როგორებიც არის პალადიუმი, როდიუმი და პლატინა, რომლებიც ბაზარზე საკმაოდ ძვირი ღირს. სწორედ ამიტომ ხდება კატალიზური კონვერტერები მძარცველთა ხშირი, მიმზიდველი სამიზნე.

მაქსიმალური ეფექტიანობის მიზნით, საჭიროა, რომ კატალიზურმა კონვერტერმა 204 გრადუს ცელსიუსზე იმუშაოს. ასეთი მაღალი ტემპერატურის მიღწევის მიზნით, მოწყობილობის პირველი ნაწილი მანქანის ძრავის სიახლოვეს იყო განთავსებული, რამაც გარკვეული პრობლემები წარმოქმნა და კატალიზატორიც თანდათან უკან, ძრავისგან შორს, გამოსაბოლქვი სისტემისკენ გადაიტანეს.

თანამედროვე მანქანებში კატალიზური კონვერტერი ავტომობილის ქვეშ არის მოთავსებული, გამოსაბოლქვი მილისკენ, ისეთ ადგილას, სადაც მძარცველებს მისი მთლიანად მოჭრა მანქანის ქვეშიდან შეუძლიათ.

კატალიზური კონვერტერის ტიპები

არსებობს კატალიზური კონვერტერის მრავალი სხვადასხვა ტიპი. მარტივი, „ორგზიანი“ ჟანგვითი კატალიზური კონვერტერი ნახშირბადის მონოქსიდს (CO) ნახშირორჟანგად (CO2) და ნახშირწყალბადებად, ანუ საწვავის დაუწვავ ნაწილაკებად გარდაქმნის, შემდეგ კი მათ გარდაქმნას ნახშირორჟანგად და წყლად ახდენს. უფრო დახვეწილი „სამგზიანი“ კატალიზური კონვერტერით თანამედროვე მანქანებია აღჭურვილი და ისინი ასევე ამცირებენ აზოტის ოქსიდის (NO) და აზოტის დიოქსიდის (NO2) გამოყოფას, რომლებიც ყველაზე ხშირად წარმოადგენს ჰაერის ლოკალიზებულ დაბინძურებათა მიზეზს.

დიზელის მანქანებს ძირითადად სპეციალური კატალიზური კონვერტერები აქვს, რათა თავი გაართვან შეკუმშვით აალებადი დიზელის ძრავების სპეციფიკურ გამონაბოლქვს. ასეთ ჟანგვით კატალიზურ კონვერტერებს თან ახლავს დამატებითი გამოსაბოლქვი ტექნოლოგიებიც.

კატალიზური კონვერტერის ქურდობა

ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც საგრძნობლად გაიზარდა კატალიზური კონვერტერის ქურდობის შემთხვევები.

გავრცელებულ ინფორმაციათა მიხედვით, ქურდობების ასეთი ზრდა შეიძლება დაკავშირებული იყოს მიწოდების ჯაჭვის პრობლემასთან (ეს საკითხი ძირითადად განვითარებულ ქვეყნებს ეხება), რადგან დილერებს კატალიზურ კონვერტერთა ოფიციალური არხებით ჩანაცვლება სულ უფრო უჭირთ და შავ ბაზარს მიმართავენ. ქურდობის შემთხვევები გაზრდილია საქართველოშიც; ამ მოწყობილობას ჩვენს ქვეყანაში სავარაუდოდ ძვირფას ლითონთა გამო იპარავენ, რომლებიც დიდი ალბათობით, შემდეგ შავ ბაზარზე ხვდება.

არსებობს გარკვეული, მარტივი გზები, რომლითაც შეგიძლიათ, თქვენი მანქანა კატალიზატორის ქურდებისგან დაიცვათ.

  • დააპარკინგეთ ჩაკეტილ გარაჟში ან ისეთ ადგილას, რომელსაც ყველა ხედავს; უმჯობესია, თუ მანქანის უკანა ნაწილი ახლოს იქნება ღობესთან ან კედელთან.
  • ამოკაწრეთ კატალიზატორზე თქვენი მანქანის VIN კოდი.
  • ასევე შეგიძლიათ, რომ კატალიზური კონვერტერის ჭანჭიკები სახელოსნოში შეადუღებინოთ ანდაც იყიდოთ ქურდებისგან დამცავი მოწყობილობა, რომლის მოხსნაც საკმაოდ რთულია.

კატალიზური კონვერტერის ისტორია

კატალიზური კონვერტერები მე-19 საუკუნეში გამოჩნდა, როდესაც გამონაბოლქვის შემცირების მიზნით ადრეულ ფრანგულ ავტომობილებს პლატინის, ირიდიუმისა და პალადიუმის შემცველი ფილტრების მქონე ლითონის ცილინდრებს უყენებდნენ. ტექნოლოგია პირველად ფრანგმა იუჯინ უდრიმ დააპატენტა, რომელიც 1930-იან წლებში ლოს-ანჯელესში გადავიდა და კომპანია Oxy-Catalyst-ი დააფუძნა; გამონაბოლქვთან საბრძოლველად, ამ კომპანიამ კატალიზური კონვერტერების დაყენება სამრეწველო საკვამურებში დაიწყო.

1950-იან წლებში ურდიმ მანქანებში კატალიზური კონვერტერის ტექნოლოგიის გამოყენების კვლევა დაიწყო და 1956 წელს საკუთარი დიზაინი დააპატენტა. თუმცა, საწარმოო მანქანებში ამ ტექნოლოგიის ფართოდ დანერგვა იქამდე ვერ მოხერხდა, ვიდრე ბენზინიდან არ ამოიღეს ტყვია, რომელიც კატალიზურ კონვერტერში მიმდინარე ქიმიურ რეაქციებს ბლოკავდა. მისი განვითარება დააჩქარა გამონაბოლქვზე დაწესებულმა რეგულაციებმაც.

დღეისათვის, შიგაწვის ძრავიან მანქანათ აბსოლუტურ უმრავლესობას კატალიზური კონვერტერი აქვს; ძირითადად, ეს მოწყობილობები სხვადასხვა მოდელში სხვადასხვა სახისაა.