რატომ არ სურს Nissan-ს საინფორმაციო სისტემის ტაბლეტის მსგავსი ეკრანები

55 0

ბოლო წლებში, ბაზარზე სულ უფრო მეტი მანქანა გამოჩნდა საინფორმაციო სისტემის ტაბლეტის მსგავსი ეკრანებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის მართვაზეც ახდენენ გავლენას.

ეს ტენდენცია აშკარად Tesla-მ დაიწყო, როდესაც Model S-ისა და Model X-ისთვის შექმნა უზარმაზარი პორტრეტული დისპლეი. მოწყობილობა შემდეგ Model 3-შიც გამოჩნდა, რომლის სალონშიც დომინირებს ჰორიზონტალური, გიგანტური დისპლეი.

ამასობაში Nissan-ი აცხადებს, რომ ამ ტენდენციის მიყოლას არ აპირებს და ამის მაგალითად ახალი Ariya Concept-ი მოჰყავს. ავტომწარმოებელმა ის შარშან წარმოადგინა ტოკიოს მოტორშოუზე — საქმე ეხება ჰორიზონტალურ პრიალა საინფორმაციო ეკრანს, რომელიც ხელსაწყოთა პანელის თავზეა განთავსებული და ერწყმის საზომ ხელსაწყოთა ციფრულ ბლოკს.

ამ ფილოსოფიას სხვა მრავალი ავტომწარმოებელიც განიხილავს; ის არა მხოლოდ მიმზიდველად გამოიყურება, არამედ, როგორც Nissan-ი აცხადებს, არის უფრო მეტად ინტუიციური, ვიდრე ტაბლეტის მსგავსი ეკრანები.

„ადამიანის თვალი მანქანის მართვისას ბუნებრივად იყურება გარდიგარდმო. ადამიანს უფრო მეტი ინფორმაციის მიღება შეუძლია ჰორიზონტალურად განთავსებული ეკრანიდან; პერიფერიული ხედვაც ასე მოქმედებს“, — ამბობს Nissan-ის ინჟინერიის ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ტომომიჩი უეკური.

Nissan-ის განცხადებით, ასეთი განლაგება ასევე ნიშნავს იმას, რომ ეკრანი მძღოლის მხედველობის ხაზშია, გზასთან ახლოს. Ariya Concept-ში გამოყენებული ასეთი ეკრანის შესაქმნელად კომპანიამ შეიმუშავა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ინფორმაციას საშუალებას აძლევს ხელის ერთი გადასმით იმოძრაოს ეკრანსა და საზომ ხელსაწყოთა ბლოკს შორის, საკმაოდ ადვილად და ხარვეზების გარეშე.